logo
ENG



პაპუაშვილის აზრით, EU-ის წევრობა ნიშნავს "შეზღუდვას, სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას"

28 ნოე 202412:41
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის აზრით, ევროკავშირის წევრობა "ნიშნავს შეზღუდვასაც - სუვერენიტეტის ნაწილისა და ეკონომიკური თავისუფლების დათმობას". ეს განცხადება მან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში გააკეთა.

რუსთავი 2-ის ღამის კურიერის ეთერში მან თქვა, რომ ევროკავშირის წევრობით საქართველოს "ჩინეთთან, ბევრ დსთ-ს წევრ ქვეყანასთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაუქმება მოუწევს". ის ასევე ირწმუნება, რომ ბლოკში გაწევრიანებით "ღვინის სექტორი ჩამოინგრევა".

ამასთან, შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ 2030 წლისთვის საქართველო "იმ დონეზე იქნება, შეიძლება იქით შეეხვეწონ ამა თუ იმ გაერთიანებაში შესვლა".

"ჩვენ როცა განვვითარდებით ეკონომიკურად, ინსტიტუციურად ვიქნებით 2030 წელს იმ დონეზე, რომელზეც ვიქნებით, შეიძლება იქით შეგვეხვეწოს ვიღაც, რომ შევიდეთ ამა თუ იმ გაერთიანებაში და რაღაც შევიზღუდოთ ჩვენი თავი, იმიტომ რომ გაერთიანების წევრობა ნიშნავს შეზღუდვასაც, სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას, ეკონომიკური თავისუფლების დათმობას.

თქვენ რა გგონიათ, ევროკავშირის წევრი დღეს რომ გავხდეთ, ჩვენ იცით, რამდენი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაუქმება მოგვიწევს, რომელიც ჩვენ გვაქვს ახლა დადებული თუნდაც ჩინეთთან, ბევრ ქვეყანასთან, დსთ-ს წევრ ქვეყნებთან, ამ ყველაფრის გაუქმება მოგვიწევს. უვიზო მიმოსვლის გაუქმება იცით რამდენ ქვეყანასთან მოგვიწევს? აღარ გვექნება. [..] 

იმიტომ, რომ ვიქნებით შენგენის სივრცის ნაწილი და საქართველოში შემოსვლა ნიშნავს, რომ შევლენ შენგენის ტერიტორიაზე და იქ, ვისთანაც არ აქვს ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა, საქართველოში იმას ვერ შემოვუშვებთ ჩვენ. ასე რომ მიუყვებით თქვენ, აბა შეხედეთ, ღვინის სექტორს რა მოუვა იმ შემთხვევაში. ჩვენ დღეს რომ გავწევრიანდეთ, ჩათვალეთ, ღვინის სექტორი ჩამოინგრევა", - ამბობს ის. 


close დახურვა